Extreme Week Svaneti – Movie??? კარგით რა!

დღეს ერთი ჩვეულებრივი ღამეა, როცა რაიმე ახალი ფილმის მოსაძებნად allmovies.ge-ზე შევედი. ჩემთვის მოულოდნელად განყოფილებაში just added წავაწყდი სათაურს Extreme Week Svaneti. მაშინვე ჩამოტვირთვა დავიწყე და სულ რამდენიმე წუთია ყურებას მოვრჩი. არ შემიძლია არ ვიყო კრიტიკული და არ დავწერო. მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებული ვარ ამის წაკითხვის შემდეგ ბევრი მოძებნით (თუ უკვე არ გინახავთ) და დაახლოებით 38 წუთს ამ ე.წ. ფილმს დაუთმობთ.

როგორც ძირითადად ხდება ხოლმე, ვიდეოს ეტყობა, რომ კარგი კამერით არის გადაღებული, ოპერატორიც ძალიან თანამედროვე სტილში მუშაობს და ამ “ფილმისთვის” ვიღაცამ კარგადაც გადაიხადა. …და რა ხდება ამ დროს:

1. სპორტულ, დოკუმენტურ “ფილმში” ნახევარზე მეტი დრო ეთმობა ორგანიზატორებისა და მონაწილეების ღრეობას, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. ტიპები, რომლებიც დასაწყისშივე ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ჯანსაღ ცხოვრებას “აწვებიან”, შიდა სამზარეულოს თითქმის ყველა კადრში სვამენ ლუდს, სვამენ ლუდს და სვამენ.

2. დასაწყისი – კვირეულის მომზადების პროცესი საოცრად გაწელილია (დაახლოებით 8 წუთი), სადაც გვაქვს ბედნიერება ვუყუროთ როგორ ერთობიან ბიჭები, როგორ იფხანენ ფეხს, როგორ ასკდებიან თოვლში ერთმანეთს, როგორ აბამენ მაგ დროისთვის ერთადერთ გოგოს(ყოველ შემთხვევაში მის გარდა დასაწყისში არავინ ჩანს) და ა.შ.

3. “ფილმში”, რომელიც ზამთრის სეზონისთვის ყველაზე პოპულარულ ადგილას – მესტიაშია გადაღებული და როგორც მივხვდი ნაწილობრივ ამ ადგილის გაპიარებასაც ემსახურება, სვანეთის მხოლოდ ერთი კადრი ჩანს – სვანური კოშკი. მაგას ხომ ეთნოგრაფიულშიც ვნახავ.

4. ორგანიზატორებთან ინტერვიუებზე აშკარად ძალიან იწვალეს. ერთი რომ ყველასთვის სპეციალურად ფერადი სათვალეები “დაუთრევიათ” და წაუორიგინალურებიათ. ის ალბათ დაავიწყდათ, რომ ინტერვიუ, რომელშიც გმირის თვალები არ ჩანს და მაყურებელს არ აქვს საშუალება მისი გრძნობები დაინახოს, ძალიან არაპროფესიონალურად გამოიყურება. და მეორე ის, რომ აუცილებელი არ იყო ყველა ორგანიზატორის ჩაწერა. მითუმეტეს ისეთების, ორ სიტყვას რომ ერთმანეთს ვერ აბამენ. ამაში, ჩემი აზრით, ცოტა წაუგრუზინეს. ყველა რომ არ ჩაეწერათ, ვიღაცას უეჭველი გაუტყდებოდა და დაიგრუზებოდა.

5. მონაწილეების ინტერვიუები არის ძალიან ცოტა. სამაგიეროდ ლუკა, ნიკა, გიორგი, ყვითელი, ალექსანდრე და სხვები, ვისი სახელებიც არ დავიმახსოვრე, ყველა კუთხით არიან ნაჩვენები: შორი ხედით, ახლო ხედით, პროფილში, ქვემოდან ზემოთ და პირიქით.

6. მომენტები, როცა “ფილმი” როგორც იქნა თავის ფუნქციას ასრულებს და სრიალის ექსტრიმში შეყავხარ, საერთოდ უადგილო ჩაჭრებით წყდება და კიდევ ერთხელ გახსენებს, რომ რედბული და ქარვა ყველამ დალია, ვინც იმ დღეებში მესტიაში ჩასვლა მოახერხა.

7. 34-ე წუთზე ჩნდება ტიპი შარვალ-კოსტუმით, სექსუა”ლ”ური თეთრი შარფით და კმაყოფილი სახით აღლაჭუნებს კევს. ეს, რა თქმა უნდა, ისე. მე გამაღიზიანა და გავიფიქრე “იქ რა უნდოდა”, თორემ ალბათ რომელიმე სპონსორი იქნებოდა და ცოტა თავისუფალ “ვიდზე” ვერ გაიჩითებოდა. ჩვენთან ხომ აუცილებელია სტატუსი ერთი შეხედვით, ზმანზე გეტყობოდეს.

რაც შეეხება ექსტრიმს და სპორტსმენებს, რისი ნახვაც მოვახერხე, იქედან გამომდინარე ვასკვნი, რომ აშკარად ძალიან მონდომებულები არიან, კარგად სრიალებენ და საქართველოში სპორტის ექსტრემალური სახეობებისთვის არსებული პირობების გათვალისწინებით, არც ისე ცუდ შედეგს აჩვენებენ.

მიდით ახლა, უყურეთ და დატკბით 🙂 მე წავალ. ძილის დროა.

1 thoughts on “Extreme Week Svaneti – Movie??? კარგით რა!

დატოვე კომენტარი