რენდომ პოსტი: Right To Know Day – ცოტა ადრე ხომ არ არის საქართველოსთვის?!

ვახდენ ინფორმაციის კოპირებას საიტიდან http://www.media.ge :

“ინფორმაციის თავისუფლების საერთაშორისო დღე, რომელიც ყოველწლიურად 28 სექტემბერს აღინიშნება, ინფორმაციის დაცვის გლობალური ქსელის შექმნის აღსანიშნავად, 2002 წელს დაარსდა. ამ დღეს საზოგადოებრივი ორგანიზაციები მსოფლიოს ორმოცამდე ხვადასხვა ქვეყანაში აღნიშნავენ. საქართველოში ინფორმაციის დაცვის გლობალური ქსელის წევრია “ახაგაზრდა იურისტთა ასოციაციაა”.

ინფორმაციის თავისუფლების საერთაშორისო დღე (Right To Know Day) მიზნად ისახავს ცნობიერების ამაღლებას საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე. ინფორმაციის თავისუფლება, სხვა უფლებებთან ერთად, ადამიანის ფუნდამენტურ უფლებად არის აღიარებული მთელ მსოფლიოში. თითოეულ ადამიანს აქვს უფლება, იცოდეს, როგორ მუშაობს მისი ხელისუფლება, როგორ იხარჯება მის მიერ გადახდილი გადასახადები და ა.შ. ამ უფლების დაცვა წარმოადგენს ინფორმაციის დაცვის გლობალური ქსელის სტრატეგიას.”

ვაღიარებ, რაღაც პერიოდი სულაც არ მაწუხებდა იმ ყველაფრის ნაკლებობა, რაც მეორე აბზაცშია ჩამოთვლილი. მაგრამ!!! ერთ მშვენიერ დღეს, რომელიც არც ისე შორეულ წარსულში იყო, ჩემს სახლში თეთრი ფურცელი შემოცურდა. ნაგავიიიიი თუ ნაგვებიიიიიი. ძალიან მაინტერესებს, რატომ ვიხდი 100 კილოვატზე 5 ლარს (როგორც ამბობენ) და სად მიდის ჩემი ფული? (ბებრული კითხვა, მაგრამ შემაწუხა და რა ვქნა). პასუხის მიღების შანსი – 0.

მიხარია და მხარს ვუჭერ Right To Know Day-ს არსებობას, მაგრამ იმედი არ მაქვს, რომ საქართველოში მინიმუმ 20 წელი რამე შეიცვლება.

Advertisements

Extreme Week Svaneti – Movie??? კარგით რა!

დღეს ერთი ჩვეულებრივი ღამეა, როცა რაიმე ახალი ფილმის მოსაძებნად allmovies.ge-ზე შევედი. ჩემთვის მოულოდნელად განყოფილებაში just added წავაწყდი სათაურს Extreme Week Svaneti. მაშინვე ჩამოტვირთვა დავიწყე და სულ რამდენიმე წუთია ყურებას მოვრჩი. არ შემიძლია არ ვიყო კრიტიკული და არ დავწერო. მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებული ვარ ამის წაკითხვის შემდეგ ბევრი მოძებნით (თუ უკვე არ გინახავთ) და დაახლოებით 38 წუთს ამ ე.წ. ფილმს დაუთმობთ.

როგორც ძირითადად ხდება ხოლმე, ვიდეოს ეტყობა, რომ კარგი კამერით არის გადაღებული, ოპერატორიც ძალიან თანამედროვე სტილში მუშაობს და ამ “ფილმისთვის” ვიღაცამ კარგადაც გადაიხადა. …და რა ხდება ამ დროს:

1. სპორტულ, დოკუმენტურ “ფილმში” ნახევარზე მეტი დრო ეთმობა ორგანიზატორებისა და მონაწილეების ღრეობას, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. ტიპები, რომლებიც დასაწყისშივე ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ჯანსაღ ცხოვრებას “აწვებიან”, შიდა სამზარეულოს თითქმის ყველა კადრში სვამენ ლუდს, სვამენ ლუდს და სვამენ.

2. დასაწყისი – კვირეულის მომზადების პროცესი საოცრად გაწელილია (დაახლოებით 8 წუთი), სადაც გვაქვს ბედნიერება ვუყუროთ როგორ ერთობიან ბიჭები, როგორ იფხანენ ფეხს, როგორ ასკდებიან თოვლში ერთმანეთს, როგორ აბამენ მაგ დროისთვის ერთადერთ გოგოს(ყოველ შემთხვევაში მის გარდა დასაწყისში არავინ ჩანს) და ა.შ.

3. “ფილმში”, რომელიც ზამთრის სეზონისთვის ყველაზე პოპულარულ ადგილას – მესტიაშია გადაღებული და როგორც მივხვდი ნაწილობრივ ამ ადგილის გაპიარებასაც ემსახურება, სვანეთის მხოლოდ ერთი კადრი ჩანს – სვანური კოშკი. მაგას ხომ ეთნოგრაფიულშიც ვნახავ.

4. ორგანიზატორებთან ინტერვიუებზე აშკარად ძალიან იწვალეს. ერთი რომ ყველასთვის სპეციალურად ფერადი სათვალეები “დაუთრევიათ” და წაუორიგინალურებიათ. ის ალბათ დაავიწყდათ, რომ ინტერვიუ, რომელშიც გმირის თვალები არ ჩანს და მაყურებელს არ აქვს საშუალება მისი გრძნობები დაინახოს, ძალიან არაპროფესიონალურად გამოიყურება. და მეორე ის, რომ აუცილებელი არ იყო ყველა ორგანიზატორის ჩაწერა. მითუმეტეს ისეთების, ორ სიტყვას რომ ერთმანეთს ვერ აბამენ. ამაში, ჩემი აზრით, ცოტა წაუგრუზინეს. ყველა რომ არ ჩაეწერათ, ვიღაცას უეჭველი გაუტყდებოდა და დაიგრუზებოდა.

5. მონაწილეების ინტერვიუები არის ძალიან ცოტა. სამაგიეროდ ლუკა, ნიკა, გიორგი, ყვითელი, ალექსანდრე და სხვები, ვისი სახელებიც არ დავიმახსოვრე, ყველა კუთხით არიან ნაჩვენები: შორი ხედით, ახლო ხედით, პროფილში, ქვემოდან ზემოთ და პირიქით.

6. მომენტები, როცა “ფილმი” როგორც იქნა თავის ფუნქციას ასრულებს და სრიალის ექსტრიმში შეყავხარ, საერთოდ უადგილო ჩაჭრებით წყდება და კიდევ ერთხელ გახსენებს, რომ რედბული და ქარვა ყველამ დალია, ვინც იმ დღეებში მესტიაში ჩასვლა მოახერხა.

7. 34-ე წუთზე ჩნდება ტიპი შარვალ-კოსტუმით, სექსუა”ლ”ური თეთრი შარფით და კმაყოფილი სახით აღლაჭუნებს კევს. ეს, რა თქმა უნდა, ისე. მე გამაღიზიანა და გავიფიქრე “იქ რა უნდოდა”, თორემ ალბათ რომელიმე სპონსორი იქნებოდა და ცოტა თავისუფალ “ვიდზე” ვერ გაიჩითებოდა. ჩვენთან ხომ აუცილებელია სტატუსი ერთი შეხედვით, ზმანზე გეტყობოდეს.

რაც შეეხება ექსტრიმს და სპორტსმენებს, რისი ნახვაც მოვახერხე, იქედან გამომდინარე ვასკვნი, რომ აშკარად ძალიან მონდომებულები არიან, კარგად სრიალებენ და საქართველოში სპორტის ექსტრემალური სახეობებისთვის არსებული პირობების გათვალისწინებით, არც ისე ცუდ შედეგს აჩვენებენ.

მიდით ახლა, უყურეთ და დატკბით 🙂 მე წავალ. ძილის დროა.

Google+ ახალი სოციალური ქსელი

რამდენიმე წუთის წინ ლიბერალის ერთ-ერთი ავტორის ბლოგზე ვიპოვე სტატია გუგლის ახალი სოციალური ქსელის შესახებ. პოსტის დასაწყისშივე რამდენჯერმე იყო აქცენტი გაკეთებული Fეისბუქთან პაექრობასა და შედარებებზე. მართალი გითხრათ, ცოტა გავღიზიანდი (ალბათ, როგორც Fეისბუქის აქტიური მომხმარებელი:))  და Google+-ის სიახლეებზე უფრო დეტალური ინფორმაციების პოვნა საკუთარი ძალებით გადავწყვიტე. ბევრიც არ მიწვალია. 🙂 გიზიარებთ.

პირველი სიახლე, რაზეც თავად კომპანია ამახვილებს ყურადღებას არის Circles ანუ წრეები. ეს არის შესაძლებლობა, რომ ხალხი დააჯგუფო და ყველას ცალკეული, შენთვის სასურველი ინფორმაცია მიაწოდო. პირადად მე, ყოველთვის ვიცილებდი თავიდან უბრალო ნაცნობებს და ადამიანებს, რომლებსაც არ მინდოდა გაეგოთ მაგალითად ჩემი საკონტაქტო ინფორმაცია, ცნობები პირად ცხოვრებაზე, აფდეითები სამსახურში მომხდარ ამბებზე. თუ იძულებული ვიყავი ვინმე ასეთი დამემატებინა, ვოლზე ყველაფრის დაწერას ვერიდებოდი, რაც ძალიან გზღუდავს. ასე რომ, ალბათ უკვე მიხვდით,  Google+-ის ეს სიახლე ნამდვილად მომწონს.

მეორე საინტერესო დეტალი არის Hangouts, რომელიც საშუალებას იძლევა ვესაუბოთ ვიდეო-ჩეთში რამდენიმე მეგობარს ერთად. მშვენიერი საშუალებაა იმისთვის, რომ ცალკე სკაიპი არ გქონდეს ჩართული და აქეთ-იქეთ არ იხტუნაო. 

…და მესამე, Sparks, რომელიც თვითონ არჩევს ჩვენი გემოვნების შესაფერის ვიდეოებს, სტატიებს და დროს/ენერგიას გვიზოგავს. ეს ბოლო განსაკუთრებულად დიდი ვერაფერი სიახლეა. იგივეს გაკეთება შესაძლებელია მაგალითად ბლოგის ზოგიერთ პლატფორმაზე. ამავე სერვისს ცოტა განსხვავებული ფორმით გვთავაზობს youtube-იც. პირადი გამოცდილებიდან თუ ვიმსჯელებ, ეს ყველაფერი ნაკლებად ამართლებს ხოლმე. თუმცა, სხვებს შეიძლება გაგიხარდეთ. 

ქსელი მუშაობს, ჯერ მხოლოდ ტესტირების რეჟიმში. თუმცა, შეგიძლიათ შეხვიდეთ საიტზე https://plus.google.com/up/start/?sw=1&type=st, დააკლიკოთ წითელ ღილაკზე და მონაცემების შეყვანის შემდეგ, ავტომატურად მოხვდებით იმ ადამიანების სიაში, ვინც პირველი გაიგებს, როდის იქნება შესაძლებელი ნებისმიერი მსურველისთვის Google+-ზე დარეგისტრირება.

რაც შეეხება Fეისბუქს, მისი რეკორდის (750 მილიონი დარეგისტრირებული მომხმარებელი) მოხსნა ჯერჯერობით არა მგონია მარტივი იყოს.