რენდომ პოსტი: Right To Know Day – ცოტა ადრე ხომ არ არის საქართველოსთვის?!

ვახდენ ინფორმაციის კოპირებას საიტიდან http://www.media.ge :

“ინფორმაციის თავისუფლების საერთაშორისო დღე, რომელიც ყოველწლიურად 28 სექტემბერს აღინიშნება, ინფორმაციის დაცვის გლობალური ქსელის შექმნის აღსანიშნავად, 2002 წელს დაარსდა. ამ დღეს საზოგადოებრივი ორგანიზაციები მსოფლიოს ორმოცამდე ხვადასხვა ქვეყანაში აღნიშნავენ. საქართველოში ინფორმაციის დაცვის გლობალური ქსელის წევრია “ახაგაზრდა იურისტთა ასოციაციაა”.

ინფორმაციის თავისუფლების საერთაშორისო დღე (Right To Know Day) მიზნად ისახავს ცნობიერების ამაღლებას საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე. ინფორმაციის თავისუფლება, სხვა უფლებებთან ერთად, ადამიანის ფუნდამენტურ უფლებად არის აღიარებული მთელ მსოფლიოში. თითოეულ ადამიანს აქვს უფლება, იცოდეს, როგორ მუშაობს მისი ხელისუფლება, როგორ იხარჯება მის მიერ გადახდილი გადასახადები და ა.შ. ამ უფლების დაცვა წარმოადგენს ინფორმაციის დაცვის გლობალური ქსელის სტრატეგიას.”

ვაღიარებ, რაღაც პერიოდი სულაც არ მაწუხებდა იმ ყველაფრის ნაკლებობა, რაც მეორე აბზაცშია ჩამოთვლილი. მაგრამ!!! ერთ მშვენიერ დღეს, რომელიც არც ისე შორეულ წარსულში იყო, ჩემს სახლში თეთრი ფურცელი შემოცურდა. ნაგავიიიიი თუ ნაგვებიიიიიი. ძალიან მაინტერესებს, რატომ ვიხდი 100 კილოვატზე 5 ლარს (როგორც ამბობენ) და სად მიდის ჩემი ფული? (ბებრული კითხვა, მაგრამ შემაწუხა და რა ვქნა). პასუხის მიღების შანსი – 0.

მიხარია და მხარს ვუჭერ Right To Know Day-ს არსებობას, მაგრამ იმედი არ მაქვს, რომ საქართველოში მინიმუმ 20 წელი რამე შეიცვლება.

Advertisements

პარიზელებს ეიფელის კოშკი მაინც აქვთ, ესპანელებს?!

რამდენიმე დღის წინ ჩემს მეგობართან ევროპის ქალაქებზე ვსაუბრობდი. მოგვიანებით ჩვენი საუბარი სერიოზულ კამათში გადაიზარდა. ის “ეიფელი”-ს კოშკზე მეტრაბახებოდა, მე “საგრადა ფამილია”-ზე ვეუბნებოდი, მაგრამ ეს სახელი მას აშკარად არაფერს ეუბნებოდა. უკვე საკმარისი დრო გავიდა, რომ მეგობრის მიმართ წყენა დამევიწყებინა და ასეც არის. უბრალოდ ჩემი ბრაზი ერთ კითხვაში გადაიზარდა: იქნებ ქართველი ახალგაზრდობის დიდმა ნაწილმა მართლაც არ იცის “საგრადა ფამილიას” არსებობაზე და საჭიროა პატარა iექსკურსია ჩავატარო 🙂

ამ პოსტში უბრალოდ მნიშვნელოვან სახელებს, მოკლე დახასიათებებს და ფოტოებს გთავაზობთ. გაგონილი და თვალმოკრული რომ მაინც გქონდეთ იმ ქვეყნის ღირსშესანიშნაობებზე, რომელიც, რატომღაც, ყველას ჩემი ფავორიტი ჰგონია. არა და სამხრეთული კულტურა ნამდვილად არ მიზიდავს და ჩრდილოეთის რომელიმე ქვეყანაში უფრო დიდი სიამოვნებით ვიცხოვრებდი.

მადრიდის, ჩემი აზრით, საინტერესო ადგილებიდან ერთ-ერთი პირველია Gran Vía ყველაზე ცენტრალური, ყველაზე პოპულარული და ისტორიული ქუჩა.

შემდეგ მოდის მადრიდის უძველესი საკათედრო ტაძარი.

Plaza de Cibeles ცენტრალური მოედანია, სადაც მადრიდის რეალის ფანები გამარჯვებებს აღნიშნავენ. ესპანეთის ისტორიული ბანკიც ამ მოედანზეა განთავსებული.

თითქმის მადრიდის სიმბოლოდაა ქცეული Puerta de Alcalá. ეს ძველი ქალაქის ჭიშკარი იყო.

პირადად ჩემთვის საინტერესო ადგილია Templo de Debod. ამბობენ, რომ ეს ეგვიპტური კოშკი აქ ქრისტეს შობამდე მეორე საუკუნეშია აგებული.

მადრიდში კიდევ ბევრი საინტერესო ადგილია, მაგრამ ვიქნები სუბიექტური, ამით დავასრულებ და ბარსელონაში გადავინაცვლოთ. პირველი, რაც კულტურულ ბარსელონასთან ასოცირდება, ალბათ, ცნობილი სახელია – Antoni Gaudí კატალონიური მოდერნიზმისა და არქიტექტურის ნამდვილი მეფე. სწორედ მას ეკუთვნის ბარსელონას ღირსშესანიშნაობების დიდი ნაწილი, როგორებიცაა:

კათედრალი, რომლის მშენებლობაც 1882 წელს დაიწყო და ჯერ კიდევ არაა დასრულებული – La Sagrada Familia.

Park Güell პოპულარული მოზაიკური ნამუშევრებით.

და გაუდის სახლის სახელით ცნობილი Casa Milà (La Pedrera) ორიგინალური ფორმითა და სახურავით.


და ბოლოს, ფეხბურთის მოყვარულებისთვის ბარსელონაში ყველაზე ცნობილი ადგილი “Camp Nou“-ს სტადიონია.

ახალი შოუ – გაბანძებული თეატრალური

გარე-ვაჭრობა, უბნის ბირჟები, ჩამსხვრეული ავტობუსის გაჩერებები და კიდევ ბევრი სხვა, ჩემი აზრით, თბილისში და ალბათ, საქართველოს სხვა ქალაქებშიც ჯერჯერობით ყველაზე პოპულარული ფლეშმობებია. ხალხმრავალ ადგილებში შოუს მოწყობა ბოლო დროს განსაკუთრებულად პოპულარული გახდა. ყოველ შემთხვევაში იდეის დონეზე. სხვადასხვა სოციალურ ქსელებში ხშირად მომდის მოწვევა ფლეშმობებში მონაწილეობაზე, სადაც უამრავი ადამიანი აჭერს ღილაკს “დასწრება”, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ყველაფერი რეპეტიციაზე მისული რამდენიმე იმედგაცრუებულის უკმაყოფილო კომენტარებით მთავრდება ხოლმე. კიდევ ერთხელ ვამტკიცებ, როგორი ზარმაცები და უინტერესოები ვართ.

ის, რომ ფლეშმობები პოპულარული ხდება დღეს კიდევ ერთხელ დავიჯერე, როცა შემთხვევით ჩემი ტელევიზორის მენიუში გადაცემა “ფლეშმობშოუ” აღმოვაჩინე. რაღა დავმალო და ძალიან მინდოდა თეატრალური გავარდნილიყო. ეს იყო ყველაზე ბანძი, უშინაარსო და უინტერესო შოუ, რომელიც ოდესმე მინახავს. სირცხვილია უბრალოდ. ახალგაზრდები, რომლებიც იდეაში მონაწილე ოთხეულიდან ყველაზე კარგად უნდა იცნობდნენ ფლეშმობის იდეას და რომლებსაც ყველაზე მეტად უნდა უმარტივდებოდეთ ამ იდეის განხორციელება, დღეს ყველაზე ბანალურად გამოიყურებოდნენ. ალბათ მართალია ის რაც ბევრისგან გამიგია, რომ თეატრალურში გაურკვეველი თუ გარკვეული მიზეზების გამო, თითქმის არაფერს ასწავლიან. ისე, ეჭვი მეპარება სწავლის მსურველიც მაინცდამაინც ბევრი იყოს.

არ მინდა კომენტარი გავაკეთო დუეტ “ჯორჯიას” ბიჭზე (სახელი არ მახსოვს), რომელსაც თურმე სამხატვრო ჰქონია დამთავრებული, მაგრამ ვფიქრობ სამხატვრომ თეატრალურზე მეტად მოინდომა და მათი შოუ ცოტათი მაინც იყო არტი. ზუგდიდი ალბათ შემდეგშიც გააგრძელებს საქართველოს გაერთიანების მცდელობას (ბოოორინგ). სამედიცინომ კი ნამდვილად დაიმსახურა ჩემი სიმპატია იმ ყველაფრის ფონზე, რაც ვნახე. ვინც უყურეთ, ალბათ დამეთანხმებით, რომ ეს იყო ყველაზე თანამედროვე და მხიარული შოუ.

ახალი გადაცემა თან არ მომწონს, მაგრამ თან აშკარად მაინტერესებს. ვნახოთ, ნიჭიერი ახალი ქართველი თაობა ერთხელ მაინც თუ გამაკვირვებს. ამასობაში კი მსოფლიო ონლაინ ფლეშმობებზე გადადის.

როცა განათლების მისაღებად ფულს ვერ იმეტებ

მშობლების ხარჯზე არასდროს მისწავლია. ბაკალავრიატში უფასოზე მოვხვდი, გაცვლით პროგრამებში არაფერს ვიხდიდი და მასწავლებლებთან მომზადებაც არასდროს დამჭირვებია. თსუ-ს ხელმძღვანელობის მუდმივი ცვლისა და აუტანელი გაუგებრობების გამო ბაკალავრიატი ისეთი წამებით დავასრულე, პირობა დავდე იქ სწავლას აღარასდროს გავაგრძელებდი. სხვაგან მაგისტრატურაში ჩაბარებაზე არც მიფიქრია. სხვისი გამოცდილებიდან გამომდინარე ფასი სასწაულად არარეალურიც რომ არ ყოფილიყო, სასწავლო პროგრამა მაინც დიდად არ მიზიდავდა.

ასე ჩავაგდე რამდენიმე წელი. მერე გავიზარდე ან უბრალოდ საჭიროებამ მოიტანა – ხარისხი მინდა დავიცვა – და მეც მაგისტრატურაში ჩაბარება გადავწყვიტე. მასტერი უკვე გაკეთებული მაქვს საზღვარგარეთ, მაგრამ არა ჩემი ბაკალავრიატის სპეციალობით, ხოდა მომიწევს კიდევ ორი წელი სწავლა. თან სად? ისევ თსუ-ში. რატომ? იმიტომ, რომ:

  1. ბევრს არ სჯერა, მაგრამ სახელმწიფო უნივერსიტეტის დიპლომი საზღვარგარეთ კარგად ჭრის.
  2. ესპანურის კარგი სპეციალისტები,ისევ საკუთარი გამოცდილებით, მხოლოდ აქ მეგულება.
  3. სხვებთან შედარებით იაფია.

იაფი არის კი, მაგრამ სხვებთან შედარებით. 2250 ლარი წელიწადში ნიშნავს, რომ ჩემს საყვარელ და ძვირფას ხელფასს ყოველი თვის ბოლოს ავტომატურად უნდა ჩამოეჭრას მინიმუმ 200 ლარი. გავგიჟდები კიდევაც. არა და ამ გრანტების გამოცხადებასაც ვერ ვეღირსე.

ფინანსებზე ფიქრს თავს რომ ვანებებ, იმაზე ვფიქრდები,როგორ ტეხავს, როცა საკუთარ ქვეყანაში უმაღლესი განათლების მისაღებად ფული გენანება. მითუმეტეს მაშინ, როცა ენების განყოფილებაში 1000-ჯერ უკეთესი სიტუაციაა, ვიდრე სხვა დანარჩენ ფაკულტეტებზე.

კიდევ კარგი, რომ ახალგაზრდა, გამოცდილ, პროფესიონალებთან მაინც მომიწევს ლექციაზე ჯდომა და ვიღაც არ მაიძულებს დავიზეპირო რამდენჯერ ნახა დონ კიხოტმა დულსინეა.

ალი და ნინო

სანამ ქანდაკებამდე მივაღწიე, გრძელი, გადათხრილი, როგორც ბათუმელმა გამვლელმა ახსენა “დახრეშილი” გზა გავიარე. თან სანამ გიდმა გადაწყვიტა, ყინულის სახლისთვის მარჯვნიდან მოგვევლო თუ მარცხნიდან, კინაღამ გადავიფიქრე. მახსოვს, ალი და ნინოს ქანდაკების გახსნაზე ჩემს გარშემო დიდხანს საუბრობდნენ. შესაბამისად, არ შეიძლებოდა ბათუმში ყოფნის შანსი არ გამომეყენებინა.

მანამდე არც ტელევიზორში მქონდა ნანახი და არც ფოტოებით დავინტერესებულვარ, რატომღაც, ინტერნეტში რომ მომეძებნა. ეშმაკის ბორბლის ფონზე შორიდან “ალი და ნინო” არც ისე გრანდიოზული მომეჩვენა, როგორსაც ჩემი წარმოდგენით ველოდი. მაინცდამაინც მაღალი არც ყოფილა. სკულპტურა შვიდმეტრიანია და 8-დან 10 წუთის ინტერვალით მოძრაობს.

ქანდაკების სანახავად 15-17 წლის კავკასიელ თინეიჯერებთან ერთად ვიყავი. რეაქციები ძალიან განსხვავებული იყო. სომხებს, როგორც ყოველთვის, “ამაზე უკეთესიც უნახავთ”, აზერბაიჯანელები კმაყოფილები ჩანდნენ. როგორც მინიმუმ იმის გამო, რომ ქანდაკების ერთი ნაწილი აზერბაიჯანელია 🙂 მე რაც შემეხება, პრინციპში მომეწონა. ასეთი ტიპის არტი ბევრად მიზიდავს, ვიდრე სტანდარტული/კლასიკური ქანდაკებები ღმერთებისა და გმირების უკვდავსაყოფად. მხოლოდ ის არ მომწონს, რომ უმრავლესობა აქცენტს ალისა და ნინოს ეროვნებებზე აკეთებს. ჩემთვის ეს უბრალოდ სიყვარულის სიმბოლოა, საკმაოდ სექსუალური ფორმებით და ნაზი ემოციებით.

ბათუმველო და ორფეხა ძროხები

მგონი პირველად ჩემს პოსტს დადებითი განწყობით ვიწყებ. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან გაცოფებული ვარ და ბოლოსკენ ბათუმში მოსეირნეებს ლანძღვას არ დავაკლებ.

ბედნიერი ვარ. ველოსიპედზე ნორმალურად კატაობა გამომდიიიიიიიიიიის!

უკვე რამდენიმე დღეა ბათუმში ვარ და ყველაზე მაგარი გასართობი ჩემთვის ველოსიპედები აღმოჩნდა. მწვანე, საყვარელი ტრანსპორტი წინ დამაგრებული კალათებით ცოტათი მაინც მიქმნის დასავლურ განწყობას. თქვენც თუ მოგინდათ, შემდეგი პროცედურა უნდა გაიაროთ:

1. მიდიხართ ძველი ბულვარის ცენტრალურ შესასვლელთან და თურქეთის საკონსულოს გვერდით პოულობთ ბულვარის ადმინისტრაციას.

2. შედიხართ და ხელმარჯვნივ პირველივე მაგიდასთან მოთავსებულ ქალბატონს აცნობთ თქვენს სურვილს ბარათის აღებასთან დაკავშირებით. *გაითვალისწინეთ, რომ ივლისის ბოლომდე(იმედია) აუცილებელია თან იქონიოთ საკრედიტო ბარათი. სხვა სახით ანგარიშსწორება არ ხერხდება.

3. აწოდებთ პირადობას მეორე პუნქტში აღნიშნულ ქალბატონს, რომელიც თქვენს მონაცემებს შეიყვანს და რამდენიმე წუთში ბარათს დაგიმზადებთ. მერე თქვენს ბარათს 20 ლარს ჩამოაჭრის. ეს 20 ლარი, თქვენ 10 საათის სახით ბარათზე გიჯდებათ.

4. მიდიხართ ქალაქის ნებისმიერ ადგილას ბულვარზე. სულ 10 პუნქტია.

5. სპეციალურ დაფაზე ადებთ ბარათს, შეგყავთ კოდი, სისტემა ავტომატურად გიხსნით “კარს”, სადაც ის გასაღები აციმციმდება, რომელიც უნდა გამოაძროთ. დანარჩენს იმედია ხვდებით 🙂

…ყველაზე მაგარი მაშინ იწყება, როცა ველოსიპედებისთვის “სპეციალურად” გაკეთებულ ბილიკზე იწყებ მოძრაობას. თუ დამწყები ხართ, ჩათვალეთ, რომ დაგერხათ. პირველი უძრავი დაბრკოლება – პალმები, მეორე – მოძრავი ხალხი. მართალია ზუსტად გვერდით უზარმაზარი სასეირნო ადგილია გამოყოფილი, მაგრამ არა, მაინცდამაინც იქ უნდათ, სადაც ყვითლად ველოსიპედი ხატია. უცნაურია, მაგრამ ხალხისთვის გამოყოფილ ბილიკზე გადასვლის შემთხვევაში დაცვა უკმაყოფილო სახით მოგცემს შენიშვნას. ვეცადე, დამეთანხმებინა, რომ ველოსიპედების ბილიკზე გადმოსული ხალხისთვისაც მიეცათ შენიშვნა, მაგრამ არ შეგვიძლიაო. მიდით და მიმტკიცეთ მერე, რომ საქართველოში პროტესტის გამოთქმას რაიმე აზრი აქვს. მე მაინც ვაგრძელებ.

რადგან დაცვა არ დამეხმარა, გადავწყვიტე ჩემი თავისთვის თვითონ მიმეხედა. ახალგაზრდა გოგო-ბიჭებს, გასიებულ მამაკაცებს, მრავალშვილიან დედებს, რომლებსაც ველოსიპედის საყვარელ წკარუნზე რეაქცია არ ჰქონდათ, სხვადასხვა ხერხით ვაგრძნობინებდი ჩემს უკმაყოფილებას. ზოგს ვეჯახებოდი, ზოგს პირდაპირ ვლანძღავდი(ჯერ ზრდილობიანად, მერე აგრესიულად), მაგრამ ვერაფერიც… უკაცრავად, მაგრამ ფეხზე ვეკიდე ყველას. რატომღაც ყველას თავხედად მიაჩნიხარ, თუ საკუთარ გზაზე მოძრაობის უფლებას ითხოვ. იმას კი ვერ ხვდებიან, რომ თვითონ ძროხებს გვანან, შუა გზაზე რომ მოუნდებათ ხოლმე მოსაქმება. პრინციპში, ცხოვრებაც ხომ ეგრეა. დაბრკოლებებით უფრო მეტად ასწორებს. მათ აცილებას თუ ახერხებ, ესეიგი მაგარი ხარ.

თუ ბათუმველოს ადმინისტრაცია დროზე არ მიიღებს საჭირო ზომებს და როგორც მინიმუმ, დაცვას არ ექნება უფლება ჩვეულებრივ მოსიარულე ხალხს თავის გზაზე სიარული თამამად მოსთხოვოს, ველოსიპედით კატაობის სურვილი ბევრს დაეკარგება. რა თქმა უნდა, თუ იმ ველოსიპედზეც ისეთი ძროხა არ ზის, ვინც დღეს ასე ძალიან გამაღიზიანა.

P.S. ჩემი აღშფოთების გამომწვევ მიზეზებს ვიდეოს სახითაც გთავაზობთ.

დაჩმორების ფასი – 80 თეთრი

ჯერ ნანატრი ყვითელი მარშრუტკები არც შემოუყვანიათ და მგზავრობა უკვე 80 თეთრი გახდა.
რაც შემოიყვანეს იმაშიც, მგზავრებს მაინც აყენებენ ფეხზე. მძღოლს კი ყვითელი მაისური აცვია და გულსაკიდზე ამაყად აწერია ვინაობა „კაი ბიჭი“. ქართველია და ქართველს გაჭირვებაში როგორ არ დაეხმაროს. ადამიანს თუ აგვიანდება და ხელს უქნევს, როგორ არ გაუჩეროს, თუნდაც წოლით სთავაზობდეს მგზავრობას.
იგივე სუნიანი ტრანსპორტი, აყროლებულ-ჩახუტებული ხალხი ფეხზე დგომით და პროტესტი მხოლოდ ერთმანეთის ლანძღვის დონეზე.
„ზემოთ“ აშკარად ფიქრობენ, რომ ჩვენი ბრბო ყველაფერს აიტანს და რაიმეს შეცვლას არც ცდილობენ. დაგვცინიან და რეაქცია არ გვაქვს. ჭაობში ვიძირებით და დახმარებას არც ვითხოვთ. მეზიზღებით.