სამოდელო სააგენტო – თანამედროვე სამაჭანკლო

ანუკა არეშიძე - ფეხბურთელის ცოლი

რა არის საჭირო იმისთვის, რომ სარფიანად გათხოვდე? ბავშვობიდან მშობლებმა სამოდელო სააგენტოში უნდა მიგიყვანონ. დიახ, სამოდელო სააგენტოში. ქართული სამოდელო ბიზნესის ერთ-ერთი პრიორიტეტი ხომ სწორედ ესაა. რაც უფრო მეტი მოდელი ჰყავს გათხოვებული სააგენტოს მინისტრებზე, გუბერნატორებზე, ფეხბურთელებზე და ასე შემდეგ, მით უფრო პრესტიჟულიც ხდება.

ანა კოშაძე - გუბერნატორის ცოლი

სამოდელო სააგენტოში მოსახვედრად ბევრი წვალება არაა საჭირო. ნებისმიერ ქუჩაზე რომ გაიაროთ, ნახავთ ბოძებზე გამოკრულ განცხადებებს: „ვიწვევთ 16-დან 22 წლამდე გოგონებს სამოდელო კარიერის შესაქმნელად“. მთავარია იყო საშუალოზე მაღალი, დანარჩენს არ აქვს მნიშვნელობა. დიდი კეხიანი ცხვირი ან დამძიმებული დუნდულები? მერე რა. რა ჩვენი ბრალია, რომ კავკასიური მემკვიდრეობით გვერგო.

ვისაც უბრალო სააგენტოში კარიერის დაწყება არ უნდა, სხვა უფრო პრესტიჟულ ვარიანტს ირჩევს. დღეს ყველა ყოფილ „მეგა-მოდელს“ თავისი სააგენტო აქვს და მათთან მოხვედრა შედარებით დაჩქარებულ შედეგს ნიშნავს. ხოდა, ვისაც საშუალება აქვს და გარეგნობა ოდნავ მეტად უწყობს ხელს, ვიდრე ზედა აბზაცში განხილულ ვარიანტში, სწორედ მათ აკითხავს.

ირინა ონაშვილი - გუბერნატორის ცოლი

ამის მერე, მთავარია, იმდენი გააკეთო, რომ ავთანდილის, ბიჭოლას, ინგოროყვას, ბაკურაძის … ჩვენებაზე მოხვდე. იქ ერთს გააქიცინებ კურტუმოს და დამსწრე საზოგადოებიდან ვინმე მაინც აგირჩევს. ამ ვინმემ, მერე შეიძლება გთხოვოს მოდელობას თავი დაანებეო, ბავშვი გამიზარდეო და შენც უზრუნველყოფილი ცხოვრების გარანტიით გახარებული ემშვიდობები საყვარელ პროფესიას, რომელმაც განვითარების პიკს მიაღწია და საჭირო შედეგი გამოიღო.

თუ უკვე 22-ზე მეტის ხართ და „ვაი, ჯერ კიდევ ვერ თხოვდებით“  გული უნდა გაგიტეხოთ. დროზე უნდა აგერჩიათ „ქართველი მოდელის პროფესია“.

Advertisements